ადამიანი ხშირად ფიქრობს: “სად არის ღმერთი? დამენახოს ის, თუ არსებობს. რატომ ვერ ვხედავ მას?” თუმცა ღმერთის შეგრძნება შეგვიძლია იმ საოცარ გამოვლინებებში, რაც ჩვენს გარშემო უკვე არის – აქ და ახლა. ყოველივე ის, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, ღმერთთან უშუალოდაა კავშირში – მზე, მთვარე, მდინარეები, ხეები, მთები და სხვ. ყოველდღიურობა გვაჩვევს იმ აზრს, რომ ეს ასეც უნდა იყოს. კი, მზე უნდა ამოდიოდეს, ქარი უნდა ქროდეს, წვიმა უნდა მოდიოდეს, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი ღმერთის პირდაპირი ზრუნვის გამოვლენაა ჩვენდამი. თუ ამ ყველაფერს დავაკვირდებით, ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად საინტერესო იქნება.
ვედების მიზანია, ადამიანმა უზენაესთან კავშირი დაამყაროს აქ და ახლა, არა მაშინ, როდესაც ზეცაში წავა ან სულიერ სამყაროებში შეაბიჯებს. ამიტომაც ვედებში მრავლადაა აღწერილი, როგორ უკავშირდება ამ სამყაროს სხვადასხვა ელემენტი ღმერთს.
მედიტაცია
ქვემოთ მოცემულია, როგორ შეესაბამება ამ სამყაროს სხვადასხვა ელემენტი ღმერთის სხეულის ნაწილებს1:
- ცეცხლი – სახე
- მიწა – ტერფები
- მზე – თვალი; თვალის კაკალი და მხედველობის ძალა
- მთვარე – თვალი; ჭკუა, რომელიც ყოველი ცვლილების წყაროა
- სივრცის მიმართულებები – მისი ყურები; სმენა
- ნახევარღმერთები – ხელები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები
- ოკეანეები – მუცელი; წელი
- მდინარეები – ვენები
- ჰაერი – მისი სუნთქვა; ფიზიკური ძალა
- ხეები და მცენარეები – თმები მის სხეულზე
- ღრუბლები – თმები მის თავზე
- მთები – ძვლები და ფრჩხილები
- დღისა და ღამის ცვლილება – მისი თვალების ხამხამი
- დღე და ღამე – მისი ქუთუთოები
- წვიმა – მისი თესლი
ეს ჩამონათვალი შეიძლება ჩვენთვის უბრალო ინფორმაციად დარჩეს ან რეალობად იქცეს. თუ ღმერთის შეგრძნება ყველა მის გამოვლინებაში ნამდვილად მსურს, მაშინ მზის ჩასვლის ყურებისას დავინახავ, რომ უფალმა თვალი დაახამხამა; ღრუბლების ხილვისას დავინახავ მის ახალ ვარცხნილობას, რომელიც დღეს განსაკუთრებულად შეურჩევია; ბალახზე ფეხშველი სიარულისას მთელ ტანში ჟრუანტელი დამივლის, რადგან ამ დროს მის სხეულზე ამოსულ თმას ვეხები; ზღვაში შესვლისას მის მუცელს შევეხები; მზისა და მთვარის ხილვისას ყოველთვის გამახსენდება, რომ ამ დროს ღმერთი მიყურებს, ხოლო როდესაც გრილი ნიავი შემეხება, ვიგრძნობ მის ძალას, მის სუნთქვას — ის ცოცხალია!
- დეტალურად შესასწავლად გაეცანით: შრიმად-ბჰაგავატამი 10.40.13-14, 2 სიმღერის 1 თავი; ბჰაგავად-გიტა 11.19 ↩︎
კომენტარები 0
კითხვები, აზრები და მასალასთან დაკავშირებული მსჯელობა.
კომენტარები ჯერ არ არის. შეგიძლიათ პირველი დაწეროთ.