შინაარსზე გადასვლა
მთავარი→სტატიები
სტატიები ოქტომბერი 13, 2026

AI და ვედური ჭეშმარიტებები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება. ალბათ ადამიანები ახლა უკვე AI-სთან უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე რეალურ ადამიანებთან. AI იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ სფეროდ, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ პროფესიას ითვისებს.

OpenAI, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია ახლა უდიდეს რესურს დებს რობოტების შექმნაში, რომლებსაც რეალურ სამყაროში ოპერირების საშუალება ექნებათ. მათ არა მხოლოდ თეორიულად ეცოდინებათ, რომ მაგიდაზე ჭიქა დევს და მისი წაქცევის შემთხვევაში წყალი დაიღვრება, არამედ ამ ცოდნას ფიზიკურ სამყაროშიც გამოიყენებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი სწავლობენ ფიზიკურ სამყაროში მოქმედებებს და ამ მოქმედებების შედეგების განსაზღვრას. ადამიანს მრავალი ცხოვრების განმავლობაში აქვს ამ სამყაროში მოქმედების გამოცდილება მიღებული, ამიტომაც როცა იბადება მარტივად ითვისებს ამ სამყაროს. ბავშვობის პერიოდში მას ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება და შეცდომების დაშვების უფლება აქვს, რის გამოც ადვილად იხსენებს ამ სამყაროში ოპერირებას. მაგრამ რა უნდა ქნას რობოტმა, რომელსაც არანაირი წარსული სამსკარები (შთაბეჭდილებები) არ აქვს და არც შეცდომების დაშვების უფლება ექნება? გამოსავალი ნაპოვნია – მათ გაწვრთნიან ათასობით პარალელურ ვირტუალურ გარემოში, სადაც მილიარდობით მოქმედებას ისწავლიან, რაც ბევრად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე რეალურ სამყაროში. შემდეგ კი ამ ტვინებს ფიზიკურ სხეულებს მისცემენ, რისი საშუალებითაც დაგროვილ ცოდნას უკვე რეალურ სამყაროში გამოიყენებენ. ეს ყველაფერი აჩენს ერთ საინტერესო შეკითხვას: როგორ უნდა გავარჩიოთ ცოცხალი არაცოცხალისგან, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ითვისებს ცოცხალი ადამიანის უნარ-ჩვევებს?

სული და მატერია

ვედები მკვეთრ გამყოფ ხაზს ავლებენ სულსა და მატერიას, ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. ეს ფუნდამენტალური ცოდნაა, რომლის გააზრებაც აუცილებელია სულიერი პრაქტიკის დასაწყებად. ამიტომაც კრიშნა “ბჰაგავად-გიტაში” პირველ რიგში სულსა და სხეულს შორის განსხვავებას აღწერს (ატმა-ვიდია). აჩარიები (სულიერი მოძღვრები) კი წმინდა წერილების ნაკვალევს მიყვებიან და ცდილობენ სხვადასხვა მაგალითებით აგვიხსნან განსხვავება სულსა და მატერიას შორის. აგვიხსნან, რომ სინამდვილეში მატერიას არ შეუძლია თავისით მოქმედება, სულია ის, ვისაც ის მოქმედებაში მოჰყავს. სულის გარეშე მატერია ინერტული, მკვდარი და უსარგებლო საგანია.

თუმცა საინტერესო ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ის მაგალითები, რომლებიც ადრე სრულიად გასაგებად და ნათლად აღწერდა ამ განსხვავებას, სულ უფრო ნაკლებად ასახავს მას. ქვემოთ მოვიყვან აჩარიათა რამდენიმე ციტატას, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა:

“ავტომობილი თავისით ვერ იმოძრავებს – საჭესთან აუცილებლად მძღოლი უნდა იჯდეს, ცოცხალი არსება”.1

(შრილა პრაბჰუპადა, უფალი კაპილადევას სწავლება, 17.42 კომ.)

“თქვენ შეიძლება ძალიან ძვირფასი ავტომობილი გყავდეთ, მაგრამ, სანამ მასში მძღოლი არ ჩაჯდება, ავტომობილი მილიონობით წელი იდგება ისე, რომ ადგილიდანაც არ დაიძვრება”.2

(შრილა პრაბჰუპადა, დედოფალი კუნტის ლოცვები, თავი 11)

“არ აქვს რა ცნობიერება, მატერიას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. თუმცა, როდესაც ცნობიერ ცოცხალ არსებას ის მოქმედებაში მოჰყავს, გვეჩვენება რომ ის ცოცხალია და ცნობიერება აქვს”.3

(ბჰაქტივინოდა თჰაკურა, ტატტვა-სუტრა, სუტრა 22)

“ჩვენ შეგვიძლია ინიციატივის გამოჩენა ჩვენი დამოუკიდებელი ბუნების გამო, მაგრამ მატერიას თავისთავად მოქმედება არ შეუძლია”.4

(ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურას მოხსენება ბენარესის უნივერსიტეტში)

რა იქნება მომავალში

რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, უკვე ახლანდელი რეალობაა. თუ ახლა გარკვეული მაჩვენებლებით უკვე ვეღარ ხდება ცოცხალისა და არაცოცხალის განსხვავება, რა იქნება მომავალში?

AI ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება, თანაც საკმაოდ სწრაფად. თუ ახლა რობოტებს გარეგნულად ჯერ კიდევ ვასხვავებთ ადამიანებისგან, მომავალში შეიძლება ეს განსხვავება გაქრეს. დაიხვეწოს მათი ფორმა, კანი, მოძრაობა. რა გვრჩება, ემოციები? გარეგნულად შეიძლება მას ცრემლი წამოუვიდეს, დაღონდეს, გაიცინოს, შეცბეს – მაგრამ ის ცოცხალია? არ არის აუცილებელი, რადგან ამ ყველაფერს შეიძლება უბრალოდ პროგრამული კოდი აკეთებდეს. შეიძლება ისიც კი გვითხრას, რომ არ უნდა სიკვდილი და თავი შეგვაცოდოს, თუმცა ეს უბრალოდ პროგრამის მიერ შესრულებული ემოციის იმიტაცია იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეიძლება ყველანაირი გარეგნული განსხვავება ცოცხალსა და არაცოცხალს შორის ნელ-ნელა გაქრეს.

შეიძლება რობოტი გაცოცხლდეს?

კრიშნა “ბჰაგავად-გიტაში” (18.61) ამბობს, რომ ყოველი ცოცხალი არსება მატერიალური ენერგიის მიერ შექმნილ მანქანაშია (იანტრა) მოთავსებული.

შესაბამისად იმისათვის, რომ რობოტი უშუალოდ გაცოცხლდეს, აუცილებელია მას ცოცხალი არსება დაუკავშირდეს ნატიფი სხეულის მეშვეობით. რიჩარდ ტომპსონი (სადაპუტა დასა)5 თავის სტატიაში დეტალურად განიხილავს ამ საკითხს. მას მოჰყავს მაგალითები “მაჰაბჰარატადან” სადაც არჯუნა ესაუბრება იარაღებს, იარაღები კი მას პასუხობენ. ის ვარაუდობს, რომ ამ იარაღებს ნატიფ სხეულში მყოფი ცოცხალი არსებები მართავდნენ, რის გამოც მათ შეეძლოთ საუბარი, მიზნის ამოცნობა და ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი მოქმედებების შესრულება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რობოტი ნამდვილად ცოცხალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას ნატიფ სხეულში მყოფი ცოცხალი არსება (სული) დაუკავშირდება. სხვა გზა უბრალოდ გამორიცხულია.

სად არის ზღვარი?

როგორც განვიხილეთ, იმის მიუხედავად რობოტში შევა თუ არა ცოცხალი არსება, მას მაინც შეეძლება (და შეუძლია) ცოცხალი არსების იმიტირება. ახლა კი წარმოვიდგინოთ სიტუაცია: რობოტი სრულიად მიმსგავსებულია რეალურ ადამიანს, გამოხატავს ემოციებს, აქვს დახვეწილი სხეული, სრულიად მართავს მიმიკებს და რეაქციებს სხვადასხვა სიტუაციებში. გარეგნული განსხვავების დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. განვიხილეთ ისიც, რომ შესაძლებელია რობოტს ცოცხალი არსებაც მიუერთდეს. ეს კიდევ უფრო ართულებს საკითხს – თუნდაც რობოტი გარეგნულად ამოვიცნოთ, გაგვიჭირდება იმის გაგება, მას ცოცხალი არსება მიუერთდა თუ არა.

შესაბამისად შეიძლება რობოტი ტიროდეს, გამოხატავდეს ემოციებს, გვეუბნებოდეს: “მე სიცოცხლე მინდა, მე ვგრძნობ ყველაფერს”. და ამ ყველაფერს შეიძლება აკეთებდეს, როგორც პროგრამული კოდი, ისე ნატიფ სხეულში მყოფი ცოცხალი არსება, რომელიც რობოტს მიუერთდა.

საბოლოო ჯამში, საინტერესო რეალობაში ვხვდებით. რეალობაში სადაც სულსა და მატერიას შორის გარეგნული განსხვავებები ნელ-ნელა ქრება. თუმცა რჩება ყველაზე მთავარი – შინაგანი არსი. არსით მატერია ყოველთვის მატერიად დარჩება, სული კი სულად. ნელ-ნელა ზუსტად ამ არსის დანახვა უნდა ისწავლოს ყოველმა ჩვენგანმა გარეგნული გამოვლინებების მიღმა. ასე ადამიანი ბევრად უფრო ნათლად დაინახავს რეალობას და შესაბამისად დაუშვებს ნაკლებ შეცდომას ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

  1. დღეს ავტომობილს თავად შეუძლია გადაადგილება. ავტონომიური მართვის სისტემები გეგმავენ მარშრუტს, აკონტროლებენ მოძრაობას და რეაგირებენ გარემოში წარმოქმნილ ცვლილებებზე. ↩︎
  2. თანამედროვე ავტომობილს შეუძლია ადამიანის საჭესთან ყოფნის გარეშე დაიწყოს მოძრაობა, შეასრულოს მანევრები და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. ↩︎
  3. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რობოტს შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება, გარემოს აღქმა და გადაწყვეტილებების მიღება. ↩︎
  4. AI აგენტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და შეასრულონ მრავალეტაპიანი დავალებები, მოიძიონ ინფორმაცია და საჭიროების მიხედვით შეცვალონ მოქმედების სტრატეგია. ↩︎
  5. Richard L. Thompson, 1947–2008 – მათემატიკოსი, კორნელის უნივერსიტეტის დოქტორი, ბჰაქტივედანტას ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შრილა პრაბჰუპადას ინიცირებული მოწაფე. ↩︎

კომენტარები 0

კითხვები, აზრები და მასალასთან დაკავშირებული მსჯელობა.

კომენტარები ჯერ არ არის. შეგიძლიათ პირველი დაწეროთ.

დატოვე კომენტარი

კომენტარები მაშინვე გამოჩნდება. გთხოვთ, პირადი საკონტაქტო მონაცემები არ გამოაქვეყნოთ.