შინაარსზე გადასვლა

დასავლური აზროვნება VS ვედური ლოგიკა

დასავლურ და ვედურ მიდგომას შორის ყველაზე ფუნდამენტალური განსხვავება ამგვარია: ერთი ყველაფრის ღერძად თვლის მატერიას, მეორე ცნობიერებას. ვედები სამყაროს სხვადასხვა მოვლენების უკან ცნობიერ არსებებს მიიჩნევს, რომლებსაც, თავის მხრივ, უზენაესი ცნობიერი არსება განაგებს. დასავლური ხედვით კი ყველა მოვლენას უშუალოდ მატერია და მასში მომხდარი შემთხვევითი ცვლილებები განაპირობებს. განსხვავება ამ ამოსავალ წერტილთან მიმართებაში განაპირობებს განსხვავებებს ყველა სხვა ცხოვრებისეულ საკითხში, დაწყებული ყველაზე ფუნდამენტალური საკითხით, როგორიცაა სიცოცხლის წარმოშობა1, დასრულებული სხვა დანარჩენით, რადგან სხვა ყველაფერი ამ ფუნდამენტალური დებულებიდან წარმოიშობა.

ეს განსხვავებები ფიგურირებს მსჯელობის მექანიზმებშიც, რაც, მათ შორის, დასავლური და ვედური სილოგიზმების სტრუქტურაშიც აისახება.

ნიაიას2 სილოგიზმს, დასავლური სილოგიზმისგან განსხვავებით, ხუთსაფეხურიანი სტრუქტურა აქვს3, რომელიც იწყება იმ მიზნის გაჟღერებით, რის დამტკიცებასაც ვცდილობთ.

შევადაროთ ბერძნული ლოგიკის და ნიაიას მიდგომა ცნობილ მაგალითზე:

ბერძნული მეთოდი:

  • ყველა ადამიანი მოკვდავია – პირველი თეზისი
  • სოკრატე ადამიანია – მეორე თეზისი
  • შესაბამისად, სოკრატე მოკვდავია – დასკვნა

ნიაიას მეთოდი:

  • სოკრატე მოკვდავია – თეზისი
  • რადგან ყველა ადამიანი მოკვდავია, სოკრატე კი ადამიანია – არგუმენტი
  • ყველა ადამიანი, ვინც მანამდე დაიბადა, მოკვდა – მაგალითი
  • ისეთი ფილოსოფოსები, როგორიც დემოკრიტეა, ასევე მოკვდნენ – გამოყენება
  • შესაბამისად, სოკრატე მოკვდავია – დასკვნა

მიზნის არსებობა

როგორც ხედავთ, ნიაიას სილოგიზმის სტრუქტურა იწყება თეზისით4, რომელიც დასკვნას ასახავს. ანუ სანამ მსჯელობაზე გადავალთ, ვაჟღერებთ იმას, რისი დამტკიცებაც გვსურს მსჯელობის შედეგად. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსჯელობას აქვს გარკვეული მიზანი. დასავლური სილოგიზმი კი გზავნილიდან იწყება, რომელზე დაყრდნობითაც მიიღება დასკვნა. თანამედროვე მსჯელობის სისტემას საფუძვლად უდევს ის წარმოდგენა, რომ დასკვნა მხოლოდ მსჯელობის პროცესის დასრულების შემდეგ ჩნდება. ამის შედეგად, რაიმე მიზნის არსებობა განიხილება ისეთ რამედ, რაც რაციონალურობას ეწინააღმდეგება.

სინამდვილეში ეს დამოკიდებულება საკუთარ თავში თვალთმაქცობას მოიცავს და არ ასახავს რეალობას. ყოველი ადამიანი სუბიექტია და როდესაც რაიმეს დამტკიცებას აპირებს, მას გარკვეული მიზანი ამოძრავებს. დასავლური მიდგომა ამ მიზნის დამალვას ცდილობს, თითქოს ადამიანს თავად არ სურს რაიმეს დამტკიცება, უბრალოდ ასე გამომდინარეობს ჭეშმარიტება თეზისებიდან. ამ დროს სინამდვილეში მას კონკრეტული მიზანი ამოძრავებს, თუმცა ატყუებს სხვებს და საკუთარ თავს, თითქოს ეს ასე არ არის.

მიზნის არარსებობა გამომდინარეობს ზუსტად ცნობიერი სუბიექტის უარყოფიდან, რომელიც არა მხოლოდ ლოგიკაში, არამედ ყველა სხვა სფეროშიც ვლინდება. მაგალითად, ამ სამყაროს, რომელშიც გარკვეული კანონზომიერება არსებობს, ვერ ექნება რაიმე მიზანი, რადგან უმიზნო მატერიისგანაა შობილი. მან სრულიად შემთხვევით მიიღო ასეთი ფორმა, სტრუქტურა და კანონზომიერება. შესაბამისად, ადამიანსაც, რომელიც ამ სამყაროს მიერაა გამოვლენილი, არ გააჩნია არანაირი მიზანი, რადგან ის სრულიად შემთხვევითაა შექმნილი ევოლუციის პროცესში.

ნიაიას ცნობიერი საწყისი უდევს საფუძვლად და მის მიერ მოცემული ლოგიკური მსჯელობა იგება დასკვნიდან გამომდინარე. ამ დროს კი გვიწევს ვაღიაროთ, რომ არის ვიღაც, ვინც დაინტერესებულია გარკვეული საკითხით ან პრობლემით და მიზნის ფორმულირებას ახდენს გარკვეული თეზისის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. თუ ამას ბუნებასთან მიმართებაში განვიხილავთ, ისიც კი უნდა ისწრაფოდეს დაამტკიცოს რაიმე წინასწარ განსაზღვრული მიზანი. ამგვარად ნიაია თვალს უსწორებს რეალობას და უარყოფს ლოგიკური მსჯელობის უმიზნობას.

ნიაიას ინდუქციური მეთოდი

თუ ადამიანს ვარწმუნებთ, რომ არანაირი სუბიექტური მიზანი არ გვამოძრავებს მსჯელობაში, ეს ნიშნავს, რომ მას ვაიძულებთ არ შეიტანოს ეჭვი იმ თეზისებში, რომლებსაც დასკვნის მისაღებად ვიყენებთ. აქედან გამომდინარე დასავლური ლოგიკის სტრუქტურაში მხოლოდ დედუქციური მეთოდი ფიგურირებს, რაც არ გვაძლევს მსჯელობაში ეჭვის შეტანისა და მისი ინდუქციური გზით შემოწმების საშუალებას, რის გამოც გვიწევს მათი აქსიომებად მიღება.

მოდი ვნახოთ რა ხდება ნიაიაში. ნიაიას სილოგიზმის მეორე ეტაპი არის – არგუმენტი. როგორც ზემოთ მოყვანილ სოკრატეს მაგალითში ვხედავთ, ნიაია მეორე ეტაპში აერთიანებს დასავლურ მოდელში მოყვანილ ორივე თეზისს, რაც დედუქციურ მეთოდს ასახავს. მომდევნო ორ ეტაპზე (მაგალითი და გამოყენება) კი ცდილობს ეს არგუმენტი ინდუქციური მეთოდებით გაამყაროს. თეზისი და დასკვნა კი ერთი და იგივეა. ეს მიდგომა გამორიცხავს არგუმენტის აქსიომად მიღებას და ადამიანს უბიძგებს თავად დაფიქრდეს მის ჭეშმარიტებაზე მაგალითისა და გამოყენების საფუძველზე.

ამას გარდა, ნიაიას სილოგიზმის სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს იგივე მეთოდი სილოგიზმის თითოეულ ეტაპზე გამოვიყენოთ, ანუ თითოეული მათგანი ვაქციოთ დამოუკიდებელ თეზისად, რომელსაც იგივე ხუთსაფეხურიანი სილოგიზმით დავამტკიცებთ. ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ რეკურსიულად, ყოველი ეტაპის დამოუკიდებელ თეზისად ქცევით. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა მხოლოდ თეზისის ჭეშმარიტებაზე, არამედ ყოველ იმ ეტაპზეც, რომელიც მის ჭეშმარიტებას გვისაბუთებს.

ჩვენს მაგალითს თუ განვიხილავთ, ბერძნული მოდელი არ გვისაბუთებს იმას, რატომ უნდა მივიღოთ თეზისების ჭეშმარიტება. მე შეიძლება გამიჩნდეს შეკითხვა: “იქნებ რომელიმე ადამიანი არ იყო მოკვდავი და ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით? ან იქნებ სოკრატე არ იყო ადამიანი?” ნიაიას მიდგომა არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას, თუმცა მაგალითისა და გამოყენების მოყვანით უფრო მეტად ზრდის თეზისის ჭეშმარიტების ალბათობას. სილოგიზმის ეტაპების რეკურსიული ბუნება კი ამ ალბათობას კიდევ უფრო მაღლა სწევს, რა დროსაც შეგვიძლია უსასრულოდ ვიმსჯელოთ და ვამოწმოთ ყოველი ეტაპის ჭეშმარიტება, მისი თეზისად ქცევით.

მაგალითად, შეგვიძლია ჩვენი არგუმენტი ვაქციოთ დამოუკიდებელ თეზისად:

  • სოკრატე ადამიანია, ხოლო ყველა ადამიანი მოკვდავია – თეზისი
  • რადგან სოკრატეს ადამიანური ბუნება აქვს, ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლე კი დროში შეზღუდულია – არგუმენტი
  • დემოკრიტე, პლატონი და სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ, დაბერდნენ და გარდაიცვალნენ – მაგალითი
  • სოკრატეც იმავე ადამიანურ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ეს ისტორიული მაგალითები ეხება – გამოყენება
  • შესაბამისად, სოკრატე ადამიანია, ხოლო ყველა ადამიანი მოკვდავია – დასკვნა

იგივე მიდგომა შეგვიძლია გამოყენებასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ:

  • დემოკრიტეს მაგალითის გამოყენება სოკრატესთან მიმართებაში გამართლებულია – თეზისი
  • რადგან ორივე ადამიანი და ფილოსოფოსი იყო, ხოლო ფილოსოფოსობა ადამიანის მოკვდავ ბუნებას არ ცვლის – არგუმენტი
  • პლატონი და არისტოტელეც ფილოსოფოსები იყვნენ და ორივე გარდაიცვალა – მაგალითი
  • სოკრატესა და დემოკრიტეს შემთხვევაშიც გვაქვს იგივე საერთო ნიშნები: ორივე ადამიანი და ფილოსოფოსია – გამოყენება
  • შესაბამისად, დემოკრიტეს მაგალითის გამოყენება სოკრატესთან მიმართებაში გამართლებულია – დასკვნა

ამგვარად, ნიაია არაფერს განიხილავს აქსიომატურ ჭეშმარიტებად. არგუმენტების ილუსტრირება მაგალითებით ხდება, რომელთა ჭეშმარიტებაც ინდუქციური გზით დგინდება. იმისათვის, რომ თავიდან გავექცეთ “თვითგაცხადებულობის” სატყუარას, ანუ უბრალოდ ბრმად არ ვირწმუნოთ რომელიმე თეზისის ჭეშმარიტება, სილოგიზმის ეს ხუთსაფეხურიანი სტრუქტურა აუცილებელია. ამიტომაც ნიაიაში არგუმენტი აუცილებლად მაგალითთან ერთად განიხილება.

udāharaṇasādharmyātsādhyasādhanaṃ hetuḥ

“არგუმენტი (ჰეტუ) – არის იმის მტკიცებულება, რაც მიღწეული უნდა იქნას [ანუ თეზისის, რომელიც უნდა დამტკიცდეს], ილუსტრირებულ მაგალითთან მსგავსების საფუძველზე”.

(ნიაია-სუტრა 1.1.34)

აქსიომატურ სისტემაში, სადაც მსჯელობები აქსიომებთან მოდის შესაბამისობაში, ეს მიღებული დასკვნების “ჭეშმარიტების” შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა რა აქცევს აქსიომას ჭეშმარიტად? აქსიომების დასაბუთებისთვის საშუალება უნდა გვქონდეს იგივე პროცესი ანალოგიურ სიტუაციებში გამოვიყენოთ ერთი და იგივე მეთოდის გამოყენებით. როდესაც მსჯელობა წარმატებულია სხვა მსგავს შემთხვევებშიც, მისი ჭეშმარიტების ალბათობა ბევრად იზრდება.

რადგან თანამედროვე მეცნიერებას საფუძვლად დასავლური ფილოსოფია უდევს, მასშიც ზუსტად იგივე მიდგომას ვადევნებთ თვალს. რომელიმე მეცნიერი შექმნის გარკვეულ თეორიას, რომელიც გარკვეული პერიოდი აქსიომადაა მიჩნეული5. ამ დროს ყველა სხვა პროცესს ამ თეორიის პრიზმიდან ვუყურებთ და გვგონია ეს ყველაფერი ზუსტად ასეა. თუმცა თუ გადავხედავთ თანამედროვე მეცნიერების ისტორიას, ვნახავთ, რომ ეს თეორიები მუდამ იცვლება. ის იქამდე არსებობს, სანამ სხვა, უკეთესი თეორია არ ჩაანაცვლებს.

მაგალითად, დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით სამყაროში არსებული ობიექტები გარკვეული სიჩქარით უნდა იფანტებოდნენ, მათი მასიდან გამომდინარე. რადგან ობიექტები უფრო მაღალი სიჩქარით იფანტებიან, მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ უნდა იყოს ისეთი რამ, რასაც ვერ ვხედავთ, ის რაც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს. აქედან გამომდინარე შემოღებული იქნა ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის მცნება, რომელიც სამყაროს 95%-ს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ ამ დროის განმავლობაში ის რეალურად არავის აღმოუჩენია, რადგან თეორიასთან თანხვედრაში მოდის, ჭეშმარიტების ილუზიას ქმნის. ახლა ეს თეორია ეჭვ-ქვეშ დგება და დიდი ალბათობით, ისიც სხვა თეორიით შეიცვლება მომავალში.

აქედან გამომდინარე, ყოველი ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: “ვიცით, თუ უბრალოდ ცოდნის ილუზია გვაქვს?” რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ნიაიას სილოგიზმის მეთოდს საკუთარ თავში დამკვიდრებული აქსიომების მიმართ, მით უფრო ღრმად გაჯდება ჩვენში ეს ცოდნა და მით უფრო დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ ის არის ცოდნა, რომელიც ჭეშმარიტებას ასახავს.

  1. დასავლური ხედვა: სიცოცხლე წარმოიქმნება მატერიისგან.
    ვედური ხედვა: სიცოცხლე მოდის სიცოცხლისგან. ↩︎
  2. ნიაია – ვედური ლოგიკის სკოლა, რომელიც ცნობილმა ბრძენმა გაუტამა მუნიმ დააარსა. ↩︎
  3. pratijñāhetūdāharaṇopanayanigamanāni avayavāḥ
    “სილოგიზმის წევრებია – თეზისი, არგუმენტი, მაგალითი, გამოყენება და დასკვნა”. – ნიაია-სუტრა 1.1.32 ↩︎
  4. sādhyanirdeśaḥ pratijñā
    “თეზისი (პროპოზიცია) არის მითითება იმაზე, რაც მიღწეული უნდა იქნას”. – ნიაია-სუტრა 1.1.33 ↩︎
  5. იქამდე, სანამ დიდი რაოდენობით ისეთი მოვლენა არ დაგროვდება, რომლებიც ვეღარ თავსდება მოცემულ თეორიაში. ↩︎

კომენტარები 0

კითხვები, აზრები და მასალასთან დაკავშირებული მსჯელობა.

კომენტარები ჯერ არ არის. შეგიძლიათ პირველი დაწეროთ.

დატოვე კომენტარი

კომენტარები მაშინვე გამოჩნდება. გთხოვთ, პირადი საკონტაქტო მონაცემები არ გამოაქვეყნოთ.